დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების წევრი, რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.
მის კანდიდატურას ხმა 18-მა ადამიანმა მისცა - მმართველი პარტიის 17-მა წევრმა, ასევე, გახარიას პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი. თავდგირიძე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის მოადგილე გახდა.
დღევანდელი სხდომის შემდეგ ბათუმის საკრებულო დატოვა ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. მისი განცხადებით, ამ მოწვევის საკრებულოში თავის თავს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ სხვა ფლანგზე ბრძოლით უფრო ეფექტური იქნება. კუპრაძეს ბათუმის საკრებულოში ლელოს სხვა წევრი, ვაჟა დარჩია შეცვლის.
ბათუმის საკრებულო 2021 წლის 3 დეკემბრიდან უფლებამოსილია, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო საკრებულო მუშაობას ვერ ახერხებდა.
ქართული ოცნების წევრი, რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებით 2022 წლის 22 აპრილს აირჩიეს.
რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა საკრებულოში ქართულ ოცნება შეერთებოდა და მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰქონოდა.
2022 წლის აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ენმ-ის, ლელოს და პარტია საქართველოსთვის წევრებმა უარი თქვეს რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაზე.
25 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე შეძლებს სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს.
თუმცა, პარლამენტში დისკუსიების შემდეგ იგივე პრინციპი პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებზეც გავრცელდა.
შესაბამისად, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების და მათი ადგილმონაცვლის ცნობას არ სჭირდება საკრებულოს თანხმობა და საკმარისია მხოლოდ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი.
იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრზე გავრცელდებოდა, ქართული ოცნება ბათუმში უმრავლესობას ვერ შეკრებდა, ვინაიდან უფლებამოსილების ცნობაზე უარს ამბობდა ოპოზიცია.
თუმცა, საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე მმართველი პარტიისთვის ეს პრობლემა მოგვარდა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ამ კანონპროექტს მხარი ენმ-ის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. მიზეზი სენაკის საკრებულოში შექმნილი მსგავსი კრიზისი იყო, სადაც პროპორციული სიით არჩეული გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა.
კერძოდ, სენაკის საკრებულოში 2021 წლის 3 დეკემბერს პირველივე სხდომაზე პარტია საქართველოსთვის პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა. შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა და 16-16 წევრი შეადგინა, სხდომის ჩასატარებლად კი 17 წევრია საჭირო. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა კრიზისი - ბოიკოტს ქართული ოცნება აცხადებდა და ვერ ხერხდებოდა ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.
გამოვიდა, რომ ენმ ბათუმის საკრებულოში კომპრომისზე სენაკის საკრებულოს გამო წავიდა - დამტკიცებული კანონის მოქმედება სენაკზეც გავრცელდა და ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცესკოს ოქმის საფუძველზე ამოქმედდა.
ბათუმში წარმოდგენილი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ენმ-მ პარლამენტში ამ ცვლილების სასარგებლოდ ხმა მათთან კონსულტაციის გარეშე მისცა. ირაკლი კუპრაძის შეფასებით, ქართული ოცნების კანონპროექტის შინაარსი და მისი მხარდაჭერა უსამართლო გადაწყვეტილებაა.
ამასობაში კი ვრცელდება ინფორმაცია, სენაკის საკრებულო ენმ-ის წევრმა, სოფელ თელკათისა და ჭალადიდის მაჟორიტარმა, ვახტანგ წურწუმიამ დატოვა.
ენმ-ის წევრი, ლაშა კუჭავა ამბობს, რომ წურწუმიას დილიდან ვერ უკავშირდებიან. მისივე თქმით, წურწუმიაზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობდა. თუ წურწუმიას მიერ საკრებულოს დატოვების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ოპოზიცია სენაკში უმრავლესობას კვლავ დაკარგავს.